ეძიებდე და ჰპოვებდეო ანუ გადავრჩით!

როცა 60%-იანი ალბათობა მაინც არსებობს, რომ თანხა, რომელსაც ელოდები, შეიძლება ჩარიცხული იყოს, წადი და შეამოწმე ბანკომატი;

თუ უახლოესი ბანკომატი არ მუშაობს, სხვა მონახე, თუნდაც შორს წასვლა დაგჭირდეს;

თუკი არც ის მუშაობს, არ დაიზარო და გარეუბნიდან ცენტრში წადი;

თუკი ბანკის ოფისის ოთხი ბანკომატი არ მუშაობს, იქვე კიდევ ორია და ისინი შეამოწმე;

და თუ ყველაფერი ამაოა, ნუ დაიზარებ, იპოვე მეშვიდე ბანკომატი და აუცილებლად გაგიმართლებს!!!

ჰოდა, სულ რაღაც ერთი საათის წინ ჰოლანდიას ისეთმა საბრძოლო ყიჟინამ გადაუარა, რომ ვილჰელმ ორანელის საფლავზე ალბათ სულ ია-ვარდები გადაიფინებოდა.

დამეწვიეთ ახლა, სანამ სუფრაც გაშლილია და მასპინძელიც კარგ ხასიათზეა! პიცა მიირთვით, ან ლორი, ან ეს ნარინჯისფერი ნამცხვარი, ევრო 2012-თან დაკავშირებით რომ გამოუშვიათ, ფენქეიქებიც გვაქვს, კარტოფილი ქათმის ფილეთი და დესერტად ყავა ბევრი შოკოლადით.

დამეწვიეთ, თორემ ამდენს მარტო ნამდვილად ვერ მოვერევი :)

 

 

Posted in Uncategorized | 8 Comments

მშიერი სტუდენტის (არა)კულინარიული დღიური

5 მაისი

ესეც ასე. ვინებეთ ადგომა, დავლიეთ ყავა, ორიოდე საათის შემდეგ რაღაც-რაღაცები ჩავცმუცნეთ. რა მაგის პასუხია და ბიუჯეტი გვაქვს დასაგეგმი, იქით წასვლა-წამოსვლა, აქეთ ქსეროქსები, გადახდილი ბინის ქირა და საკმაოდ შეგვითხელდა ჯიბე. სტიპენდია კი 20 მაისამდე არ იქნება.

ასე, ქაღალდის ფული – ოცდაათი ევრო, კიდევ ექვსი ევრო – მონეტებით და ახლა ხურდის თვლაზე გადავიდეთ, რატომღაც ვერასოდეს რომ ვასაღებ და ჯიბეებს მახევს. აჰა, ხუთცენტიანების დათვლის თავი არ მაქვს, უჯრაში ჩავყრი, შვიდი ევრო კი შემიგროვებია დანარჩენი ხურდებით. არა უშავს, წავალ სუპერმარკეტში და გზად ბანკომატსაც შევამოწმებ, ბარათზეც უნდა მქონდეს ცოტა.

სუპერმარკეტში თხუთმეტი ევრო დავტოვე, ბანკომატმა კი სასიამოვნოდ გამაოცა – 38 ევრო მქონია, გაცილებით ნაკლებს ველოდი. მოკლედ, ორი კვირის განმავლობაში დაახლოებით 80 ევრო ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა, თუ გავანაწილებ, სავსებით საკმარისია. წავალ სახლში, რავიოლებს მოვხარშავ.

8 მაისი

გაუთვალისწინებელი ხარჯი = მინუს ათი ევრო. ჰმ, ეს მინდოდა ახლა? არადა, სადილზე ვართ დაპატიჟებული და ყვავილები და შოკოლადი მაინც ხომ უნდა ვიყიდოთ? ჯანდაბას, ამ ათი ევროსას იმ სადილზე შევჭამ და ეგ იქნება :) .

10 მაისი

Imageისეთი ფოტოები ხომ გინახავთ, ადამიანი გაუნძრევლად რომ დგას და მისი ჩრდილი ფარულ სურვილებს ააშკარავებს? აი, ვინმეს რომ ჩემთვის სუპერმარკეტში ასეთი სურათი გადაეღო, აუცილებლად დაინახავდა, როგორ ჩავყავი სახე ლიმბურგულ მარწყვის ტორტში!

არა უშავს, აი, იქნება სტიპენდია და ვიყიდი… მთლიანად შევჭამ! მარტო შევჭამ! სულ ხელით შევჭამ!

11 მაისი

ბედი არ გინდა? რა ცუდად ვარ! მოვიწამლე თუ ვირუსი შემხვდა ნეტავი? ქარიც დღესაა მაინცდამაინც, ასეთ ქარში და ასე მისუსტებული ველოსიპედით ვერ წავალ, საკმაოდ შორია. სამგზავრო ბარათზე თანხა არ მაქვს, მის გარეშე კი ტრამვაისა და მეტროში სამნახევარი ევროს გადახდა მომიწევს, არადა, ორი ტრამვაის გამოცვლა მიწევს მეტრომდე, ამდენივე აქეთა გზაზე… ეჰ! გადაწყდა, სახლში ვრჩები, მაინც ცუდად ვარ… წავალ, ბავშვებს გავაფრთხილებ, რომ არ მივდივარ…

12 მაისი

Imageჰმ! გვიჭირს ამხანაგებო, გვიჭირს! 25 ევრო არ არის ბევრი, მაგრამ 20-ში ან 21-ში სტიპენდია იქნება. წავალ, სპაგეტის მოვამზადებ… იაფიც არის, ადვილი მოსამზადებელიც და ალბათ, გემრიელიც, მაგრამ ისე ამოვიდა ყელში, რომ ენა აღარ მიბრუნდება ამის სათქმელად…

14 მაისი

ისე, თუ 35-ცენტიანი სპაგეტიც იყიდებოდა, აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე? რა დიდი განსხვავებაა, სპაგეტი სპაგეტია…

20 მაისი

სტიპენდია არ არის… ჯანდაბას, ხვალ მაინც იქნება! დღეს ბოლო ევროები დავხარჯე, ზეგაც რომ იყოს არა უშავს, არ მოვკვდები შიმშილით, მარაგი მაქვს.

21 მაისი

სტიპენდია კიდევ არ დარიცხულა… უცნაურია, ხვალ ან ზეგ აუცილებლად იქნება, ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა დაიგვიანეს და 23-ში ჩარიცხეს, ჯანდაბას მაგათი თავი. წავალ, პურს და ნუტელას შევჭამ, გადასარევი რამეა. თუ გშია, ორჯერ გადასარევია!

22 მაისი

სტიპენდია არ არის, უჯრიდან ხუთცენტიანები ამოვფხიკე. აი, ის ხუთცენტიანები, დათვლა რომ დამეზარა!

კარგი, მოდი, ცოტა საღად მივუდგეთ საკითხს, რა გვაძლევს ენერგიას? გავითვალისწინოთ, რომ ბევრ ყავას ვსვამ და მოდი, რძე მივაშველოთ ორგანიზმს, კალციუმი რომ არ დაგვაკლდეს. მით უმეტეს, ერთი ლიტრი რძე 58 ცენტი ღირს; გავიყოლოთ ორი ცალი იოგურტი, მოშიებულზე კარგია, მით უმეტეს, ახლა ცხელა და ორმაგად კარგია. და კიდევ ბრინჯის ვაფლი წავიღოთ, ერთი შეკვრა ოცი ცენტი ღირს, საუზმეზე მისწრებაა. მშვენიერი ნადავლია, აი, სად გამოგვადგა მოულოდნელი რეზერვი. სტიპენდია ხვალ იქნება, ან ზეგ…

23 მაისი

Imageსტიპენდია კიდევ არ დარიცხულა, ეჰ, წავიდეთ, ვიყიდოთ კიდევ რამე. რამე რა, ისევ ბრინჯის ვაფლი და რძე ვიყიდოთ, ყველაზე იაფი ეგ არის.

ოთხი შეკვრა ვაფლი და ერთი ლიტრი რძე. ესეც ძლივს გადადის ყელში უკვე, ჯანდაბას…

24 მაისი

საბოლოოდ გავკოტრდი. უკანასკნელი შეკვრა ვაფლი ეს-ესაა შევახრამუნეთ. ეჰ, წავალ ცენტრში, ოცდოლარიანი მაქვს შემორჩენილი და იმას დავახურდავებ. ორ კრიზისს გადაურჩა და ალბათ, სწორედ დღევანდელ დღეს ელოდებოდა. თხუთმეტი ევრო გამოვა დაახლოებით.

სამნახევარი ევრო საკომისიო რა ამბავია!!! ღორებო, არადა, რამდენად მიღირს ახლა ეგ სამნახევარი ევრო.. :ცენზურა: :ცენზურა: :ცენზურა:

ხასიათი გამიფუჭდა. თანაც, ცენტრში ყველაფრის ერთად გარემონტება მოუნდომებიათ, რა უბედურებაა ეს? რამდენი წრე დავარტყა? მზე აჭერს, მტვერი ზედ მეყრება, მაკდონალდსთან ჩავიარე… მოიცა, ჩემი დროც მოვა!

ასე, ამ ბოდიალში ლექციაზე მაინც დავაგვიანე და სუპერმარკეტში წავალ. ვყიდულობთ პურს, ნუტელას ყველაზე იაფფასიან ბიძაშვილს, სპაგეტის. ესეც ასე, შვიდი ევრო დავტოვეთ… დანარჩენი სამი ევრო მეორეგან დავტოვე – ისევ ბრინჯის ვაფლი და რძე. მე მგონი, ყველაზე კარგი გამოსავალია შიმშილობისას…

საღამოს ისევ გავედი ბანკომატის შესამოწმებლად – შენც არ მომიკვდე!

25 მაისი

პარასკევია. დავიჯერო, დღესაც არ გვაღირსებენ?

არა!

ჯანდაბას, დავჯდები და ვლოღნი ისევ იმ სულელურ ვაფლს. შენ ისა თქვი, ეგეც რომ აღარ მექნება, მერე რა უნდა ვქნა. ბოლო სამი დღეა, ბრინჯის ვაფლის (“ხლებცის” რომ ვეძახით, აი, იმის) და რძის დიეტაზე ვარ.

26 მაისი

ბოლო ვიზიტი სუპერმარკეტში ამ კვირისთვის – ჯერ ერთი, რომ კვირას არ იმუშავებს და მეორეც ის, რომ ფული სულ აღარ მაქვს.

აჰა, ბედი უარეს დარტყმას მიმზადებს თურმე – ოცცენტიანი ვაფლი აღარ არის!

მარტო მე გამოვზიდე მთელი პარტია თუ ვინმე ჩემს დღეში მყოფი ცხოვრობს სადმე ახლო-მახლო?

27 მაისი

დღეს გავხსენი ბოლო შეკვრა სპაგეტი, დავლიე რძე, ხვალისა და ზეგისთვის მაქვს ცოტაოდენი რძე, ცოტაოდენივე სპაგეტი, ამდენივე კეტჩუპი და ყავა. ჩაიც მაქვს, მაგრამ შაქარი აღარ… კიდევ არის ყოვლად უვარგისი ყავა ერთჯერად პაკეტებში, რომელიც ჯერ კიდევ პირველმა მეზობელმა, ფრედერიკმა დატოვა, სექტემბრის დასაწყისში აქედან რომ წავიდა და აქამდე ხელი არ მიხლია. გაჭირვება მიჩვენე და გასაღებას გიჩვენებო. ისე, არც ის კეტჩუპი მომეწონა თავის დროზე, ორი თვე ხელუხლებლად იდო მაცივარში.

მოკლედ, ხვალ (უკვე დღეს) თუ სტიპენდია არ დაირიცხა, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზამ… ოთხმოცი ცენტი მიჩხკუნებს საფულეში. მერე უკვე ის დროა, გულზე ხელები დავიკრიფო :(

28 მაისი

Whit Monday ყოფილა დღეს ანუ დღე, როცა ჰოლანდიელების უმეტესობა თურმე პიკნიკებზე მიბრძანდება და ოფიციალური დასვენების დღეა. შესაბამისად, არც სტიპენდია იქნება და არც ის ორი მნიშვნელოვანი მეილი, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ ვუცდი. მეგონა, ქართველებს ყველაზე მეტი დასვენების დღე გვქონდა მაისში, მაგრამ ამ მართლა ნარინჯისფერებმა ნახევარზე თვეზე მეტი, მგონი, დროსტარებაში გალიეს. ახლომდებარე სუპერმარკეტები არ მუშაობდა და შედარებით შორს წავედი, ერთი იოგურტის საყიდლად სალაროსთან ოცდახუთწუთიან რიგში ვიყურყუტე და უკან გამოვბრუნდი. შინ დაბრუნებულმა ბოლო მოვუღე ჩემს მწირ სადილს და პოსტს დღევანდელი პუნქტი დავუმატე, როგორც ჭეშმარიტ ბლოგერს შეშვენის… თუ რა დამრჩა გუშინდელი მარაგიდან, თავად განსაჯეთ…

P.S. 

მთელი ამ დღეების განმავლობაში კულინარიულ საიტებზე დავსუნსულებ და იმ ბედნიერ დროზე ვოცნებობ, როცა სტიპენდია მეღირსება და ასეთ რაღაცებს ვშთანთქავ. აგერ, რა გიგანტური სენდვიჩია! მთლიანად შევჭამდი… არა, მთლიანად არ შევჭამდი, მაგრამ ხომ დავიკავებ, ხომ ჩავკბეჩ, ბედნიერი ხომ ვიქნები…

სულ სათითაოდ გამახსენდა, თუკი ოდესმე ვინმემ რომელიმე კაფეში დამპატიჟა და ვიუარე. როგორ დავიჯერო, რომ ამისთვის ვისჯები? რამდენჯერმე, დიეტაზე ყოფნისას დამესიზმრა, რომ უზარმაზარ ულუფას ვნთქავდი და დაფეთებულმა გამოვიღვიძე, ახლა კი სიზმარშიც ვერ გამიხარია…

ალბათ მშიერი კუჭის ბრალია, რომ აგერ, სამი საათი დაიწყო და მე პოსტს ვწერ. ვინძლო ვეღარ გიხილოთ, ერმა იცოდეს მაინც, რამ მომკლა…

ისე, ამდენი ხნის განმავლობაში ასეთი მცირე თანხა მქონდა, მაგრამ არ მოვმკვდარვარ. ე.ი. წინა თვეებში ფულს ვფლანგავდი. “ჯამაგირი არ ყოფნის კაცს, კაცი უნდა ეყოს ჯამაგირსო”… ასეა, ასე, მუშნი ბატონო! რდგ

P.P.S. ასე, პოსტიც დავაფაბლიშეთ, იქნებ ახლა ვიმეცადინო და მერე დაძინებას ვცდი. რამდენიმე საათში სტიპენდია იქნება…. ან არ იქნება…

Posted in პირადი, Uncategorized | Tagged , | 30 Comments

აქა ამბავი პოლონეთსა და საქართველოს შორის გადებული მეგობრობის ხიდისა

ჩემი პოლონელი მეზობლები, ჰოსთები, ფლეთმეითები თუ როგორც ჰქვიათ, ძალიან საყვარელი წყვილია. მართალია, პოსტებში და სტატუსებში ხშირად ვქოთქოთებ დაულაგებელი სამზარეულოს, გაფუჭებული მტვერსასრუტის, მოდემის და ბევრი სხვა რამის გამო, მაგრამ ხანდახან, თვალს რომ მოვკრავ, როგორ უსხედან სანთლებიან მაგიდას თითო ბოკალი სასმელით ხელში, ან აივანზე პოკერს რომ თამაშობენ, ან ხანმოკლე კინკლაობის შემდეგ როგორ ჩნდება მისაღები ოთახის მაგიდაზე ყვავილების თაიგული, თვალებში გულები მენთება და  და მზად ვარ, ჩემი ხელით გავრეცხო მთელი სამზარეულოს ჭურჭელი.

თუმცა, ეს ზემოთაღწერილი იდილიური სურათები ესოდენ სრულყოფილი არ იქნებოდა, ამ წყვილის ფეხებთან გაწოლილი ოქროსფერი რეტრივერის გარეშე.

ბიანკა ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. გარდა იმისა, რომ ამ წყვილის ერთობლივი ცხოვრების მემატიანეა, საკუთარ თავზე გადააქვს მათი ყველა ჩხუბი და შერიგება. ასე მაგალითად, ერთ-ერთი, მაგრამ ჩვენი მეზობლობის განმავლობაში ყველაზე მძიმე კონფლიქტის შედეგად აღელვებული პანა თავსხმა წვიმაში გავიდა გარეთ და ბიანკაც თან გაიყოლა. ვალენტინობის დღესასწაულზე კი პანმა გულის ფორმის ბუშტებით გაავსო სახლი და ცუგა მშვენივრად გაერთო – მანამ დაატარებდა პირით ოთახიდან ოთახში, სანამ ერთი არ გაუსკდა და გვარიანი შიში არ ჭამა. ამის შემდეგ ჭკუა ისწავლა და მარტო თავისი კუთვნილი ჩოგბურთის ბურთის ღრღნას სჯერდება.

დაახლოებით ორი კვირის წინ პანი და პანა ლონდონში წავიდნენ. მანამდე ძალიან მორიდებით მთხოვეს, იქნებ ძაღლს მიგვიხედო, თან წაყვანა ძვირი გვიჯდებაო. მე, როგორც ხათრიანმა და კარგმა მეზობელმა, უარი ვერ ვუთხარი და ორი დღის განმავლობაში მქონდა პატივი, ამ კეთილშობილი ქალბატონის აღზრდაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შემეტანა.

შაბათ დილით, უფრო სწორად, შუადღისას ბიანკას აღშფოთებულ-საყვედურნარევმა წკმუტუნმა გამაღვიძა, ნახევარი ღამის ნათევმა ძლივს ავითრიე წელი და შევეცადე, დამემშვიდებინა, საბელი ჩავაბი და გარეთ გავედით.

მინდა გითხრათ, რომ პატრონების უნამუსობით აღშფოთება ძაღლს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამონელებული და მეც რომ გავუბედე და გარეთ გავიყვანე, სულ გაგიჟდა და გადაირია. ჯერ იყო და სულ ძალისძალად წამათრია ახლომდებარე გაზონისკენ, სადაც ზურგზე გაგორდა და სულ ცოტა ხნის წინ გათიბულ ბალახში ამოიგანგლა. შემდეგ კი საბელი გამომგლიჯა და ბრაზიანი ღრენით გამერიდა, იქვე ჩაწვა და იმავე საბელის ღეჭვას შეუდგა. ამასობაში მე სულ გადამეწურა იმედი, რომ დიადი მისია, რომლისთვისაც გარეთ გამოვედით, ამჯერად შესრულდებოდა და ეს გაუგონარი არსება დიდის გაჭირვებით შემოვათრიე სახლში.

პირველი წარუმატებლობით ცოტა არ იყოს, ხასიათი წამიხდა და დავფიქრდი, ნეტავი, რა ურჩევნიათ პოლონელებს, დიასახლისს ახალი ხალიჩები უყიდონ თუ ძაღლი გამექცეს-მეთქი, მაგრამ მეორე ჯერზეც გავრისკე. თუმცა, ამჯერად უფრო იმედიანად ვიყავი, რადგან ჯიბეში ძეხვის ნაჭერი მედო და თუკი ბიანკა ისევ წამგლეჯდა საბელს, სარფიანი გაცვლის შეთავაზება შემეძლო. საბედნიეროდ, მეორე ჯერზე პანას კეთილგონიერებამ სძლია და მორჩილად გამომყვა. გახარებულ გულზე ძეხვის ნაჭერი მაინც მივეცი, მიუხედავად იმისა, რომ მკაცრად მაქვს აკრძალული პატრონებისგან.

საღამოს, როცა სადილის მოსამზადებლად ჩავედი, ბიანკა სამზარეულოს კარში იდგა და საწყლად შეჭმუხნული შუბლით მადევნებდა თვალყურს. ბოლოს, როცა იმედი გადაეწურა, რომ კიდევ მიიღებდა ძეხვის ნაჭერს, თავის ჯამს მიადგა და ცხოვრებაზე ხელჩაქნეული ადამიანის იერით უგემურად მიახრამუნა ცოტაოდენი საკვები. შემდეგ გამომცდელი მზერით გამომხედა, მაგრამ სინდისის ქენჯნის რომ ვერაფერი შემატყო, ისევ მიბრუნდა და ჯამი ამოასუფთავა.

ასე დავცუხცუხებდით მთელი დღეები, თუკი ვინმე გაწრიპული და გაუზრდელი ფინია არ გაგვაბრაზებდა

მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ თუკი ბიანკას რუსულად ვეტყოდი, დაჯექი-მეთქი, მიჯერებდა. სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, სიტყვაზე რეაგირებდა თუ ჟესტზე, მაგრამ ორივე შემთხვევაში, ბიანკასთან კომუნიკაცია ახლა რუსულადაც არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, მე პოლონური არ ვიცი, თორემ ალბათ ნაკლებ გავწვალდებოდი. მიუხედავად ამისა, მთელ დიპლომატიას მოვუხმე და როგორც იყო, დავზავდით. შედეგად, მეორე დღემ გაცილებით მშვიდად ჩაიარა, ვიდრე პირველმა. თუმცა, ცუგა ჩემნაირი უჟმური პატრონის ხელში (სამეცადინო მქონდა და რა მექნა!) მოწყენილი იყო.

მესამე დღეს კი ისეთი გულთბილი შეხვედრა ჰქონდა პატრონებთან, რომ სიმართლე გითხრათ, გული ამიჩუყდა. ჯერ იყო და სადარბაზოს კარის ჯახუნზე კარს მიასკდა და ლამის შუბლით გაანგრია. ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა მეც დავრწმუნდი, რომ ეს მისი პატრონები იყვნენ და არა ქვემო სართულის მეზობლები, კარი გავუღე. დიდი ხტუნვის, სიხარულის გამომხატველი წკმუტუნის, კისრის ფხანისა და ალერსიანი სიტყვების შემდეგ, როგორც იქნა, დააწყნარეს. ასე დასრულდა ჩემი ორდღიანი დოგსიტერობა.

ჩემი ჰოლანდიური საგა ამ ეტაპზე ბოლო თვეებს ითვლის. სიმართლე გითხრათ, უკვე წინასწარ მწყდება გული ჩემს სხვენზე, ველოსიპედზე, შიდა ეზოში გამავალ აივანზე და წითელსახურავიან სახლებზე, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონელ მეზობლებსა და ბიანკაზეც.  მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მეზობლების თვალში დიდად გახსნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ალბათ, არ ვტოვებ (არადა, სინამდვილეში იდილიას არ ვურღვევ!), მაინც მივეჩვიე რაღაცნაირად. ძაღლს რაც შეეხება, ჩემი მეგობრის თქმის არ იყოს, არ მე ვიტყოდი უარს, ასეთ ბანჯგვლიან და თბილ ოთხფეხზე მეზრუნა. მით უმეტეს, ასეთ ჭკვიანსა და ერთგულზე, ყოველი შეხვედრისას ფეხებში რომ გაგიგორდება, კისრის ფხანისას განაბული წევს და თათებს მკლავებზე გისვამს (რა მისი ბრალია, ბრჭყალების ნაკვალევი რომ მეტყობა მერე!). ორდღიანმა ძიძაობამ და იმ ემოციურმა შეხვედრამ კი საერთოდ ბოლო მომიღო. ხუმრობის გარეშე რომ გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთივე ემოციურ შეხვედრას მომიწყობენ აეროპორტში, როცა დავბრუნდები :) .

ის კი ნამდვილად ვიცი, რომ თუკი ოდესმე და სადმე ისევ გადავეყარე ბიანკას, ნამდვილად მიცნობს და შეიძლება სასეირნოდაც კი მშვიდად გამომყვეს. ჭკვიანი და თბილი გოგოა და იმიტომ …

სახლში დატოვეს…

ასე ერთობა მარტოობის ჟამს :)

Posted in პირადი, Uncategorized | 14 Comments

დასასრულის დასაწყისი – House M.D.

ზოგადად, სერიალების დიდი მოყვარული არ მეთქმის, თუმცა, რამდენიმე მათგანი ნანახი მაქვს.
მაგალითად, ოთხმოცდაათიანებში ძალიან პოპულარული “კასანდრა” დღესაც ლამის ზეპირად მახსოვს, ამის შემდეგ ერთმანეთს მიეწყო მოცალეობის ჟამს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ნანახი საპნის ოპერები, სტანდარტული სცენარის მიხედვით რომ იყო გადაღებული; “უშნო ბეტი”, რომლის მეშვეობითაც წარმატებით ვფლანგავდი დროს, თუმცა, დღეს რამდენიმე ეპიზოდს თუ გავიხსენებ, “სიცრუის თეორია”, რომელსაც ექსცენტრიული, მაგრამ ნიჭიერი მთავარი გმირის ხათრით მივუჯექი, მაგრამ მალევე გამიცრუა იმედები; “ლოსთი”, რომელიც მესამე სეზონამდე მომწონდა, მაგრამ ამის შემდეგ ყოველ სერიას იმ იმედით ვუყურებდი, რომ ბოლო აღმოჩნდებოდა.
მოკლედ, საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიო გამომივიდა.

თუმცა, არ აქვს მნიშვნელობა, წიგნი იქნება, ფილმი თუ სერიალი; თითოეულ მათგანში შეიძლება იპოვო საინტერესო სახე და პერსონაჟი, მაგრამ მათგან ცოტა მიყვარს ისე, როგორც აუტანელი, ჭირვეული, ექსცენტრიული, ყოველგვარი ჩარჩოებისა და წესების მტერი, ძლიერი ნებისყოფითა და დიდი ინტელექტით დაჯილდოებული ნარკომანი კოჭლი ექიმი.

გრეგორი ჰაუსი – ექიმი თეთრი ხალათის გარეშე, რომელიც მასხრად იგდებს ყველას და ყველაფერს, დაქრის მოტოციკლით, თავისი ხელჯოხს ყოფს სხვის საქმეში, ღებულობს განუსაზღვრელი რაოდენობით ტკივილგამაყუჩებელს/ნარკოტიკს, მოხვდა ფსიქიატრიულ კლინიკაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, ციხეშიც კი, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში მისი გუნდის დახმარებით სვამს ურთულეს დიაგნოზებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს ათეულობით ადამიანს. თუმცა, მისთვის მთავარი ადამიანის სიცოცხლე კი არა, თავსატეხის ამოხსნაა, მთელ მის წარმატებულ კარიერას კი თან სდევს აუტანელი ტკივილი მარჯვენა ფეხში. ექიმი, რომელსაც პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა (როგორც შემდეგ ირკვევა, საკმაოდ მძიმედ გადაიტანა საყვარელ ქალთან დაშორება), თვითრეალიზებას პროფესიის მეშვეობით ახდენს და ძალიან ნაყოფიერადაც. მის ჭირვეულობას მხოლოდ ორი ადამიანი იტანს – მისი საუკეთესო მეგობარი ექიმი უილსონი, რომელიც ყოველთვის საყვედურის გარეშე ღებულობს მის ექსცენტრიულ გამოხტომებს და შეუმცდარად კითხულობს მათ მიღმა დაფარულ სათქმელს და მისი უფროსი, აგრეთვე კარგი ექიმი, კარგი ხელმძღვანელი, ნებისყოფიანი და ჭკვიანი ქალი – ლიზა კადი, რომელმაც კარგად იცის, თუ ვისთან აქვს საქმე და ახერხებს, საავადმყოფოს და პაციენტების სასიკეთოდ მართოს ჰაუსის არაპროგნოზირებადი მოქმედებები.

ჰაუსი და ქალები ცალკე თემაა. ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ექიმს მათი ყურადღება ნამდვილად არ აკლია, თუმცა, თავად სრულ გულგრილობას ინარჩუნებს. მან საკუთარი ნებით თქვა უარი ადვოკატ სტეისისთან (აი, იმ ქალთან, ზემოთ რომ ვახსენეთ) ურთიერთობის აღდგენაზე მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მზად იყო, მის გამო ქმარი მიეტოვებინა. თუმცა, საბოლოოდ ისევ თავად გააცნობიერა, რომ მისი და სტეისის ურთიერთობა თავიდანვე დასანგრევად იყო განწირული და საკუთარი ნებით გაუშვა ქალი ქმართან, როგორც თვითონ თქვა, ძალიან კარგ და ღირსეულ ადამიანთან, რომელიც თავადვე გადაარჩინა სიკვდილს. მისთვის თავბრუს დახვევა ვერც მომხიბვლელმა ექიმმა ქემერონმა შეძლო, ვერც რამდენიმე პაციენტმა, რომლებიც შემდეგ ყოველგვარი კვალის გარეშე გაქრნენ მისი ცხოვრებიდან.

ერთადერთი ქალი, რომელიც პირადად მე, როგორც მაყურებელს, ჰაუსისთვის შესაფერისად მიმაჩნდა, ისევ ლიზა კადი იყო – ჰაუსის ღირსეული მოწინააღმდეგე და კოლეგა ხუთი თუ ექვსი სეზონის განმავლობაში. მთელი ამ დროის მანძილზე ველოდი მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას, თუმცა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამას გაცილებით რთული და ხანგრძლივი წინაპირობები ჰქონია, ვიდრე წარმოვიდგენდი. ამ ორ ადამიანს შორის ნელ-ნელა იბმებოდა უხილავი ძაფები, თურმე ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროიდან, როდესაც ორივე გამორჩეული სტუდენტი იყო და ერთმანეთს ექიშპებოდნენ კიდეც. თუმცა, თითოეულ მათგანს მწარედ ახსოვს გადატანილი წარუმატებელი ურთიერთობები და ახლა ფრთხილად სინჯავენ ერთმანეთისაკენ მიმავალ თითოეულ ნაბიჯს.

ჩემთვის პირადად კულმინაცია იყო მეექვსე სეზონის ბოლო ეპიზოდი. ეს იყო პირველად, როცა შეუმცდარ ჰაუსს პაციენტი მოუკვდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა; პირველად მოხდა, რომ პაციენტმა თავისი სიმამაცითა და გამძლეობით მასში პატივისცემა და თანაგრძნობა გამოიწვია. ის ამ შემთხვევაშიც მართალი იყო, არაფერი შეშლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველად დაკარგა თავი და იყვირა: “ჰო, ჯანდაბას, ყველაფერი სწორად გავაკეთე, ყველაფერი, მაგრამ მაინც მოკვდა!!!” გადაღლილმა და მოშლილმა სახლში საგულდაგულოდ გადამალული ვიკოდინის ფლაკონი მოძებნა, რომლის მიღებასაც არცთუ დიდი ხნის წინ უდიდესი ძალისხმევის ფასად მოეშვა. ამით ის მზად იყო, კვლავ უარი ეთქვა ყოველივე ადამიანურზე და წყალწაღებულ ნარკომანად, ცივსისხლიან ექიმად ქცეულიყო, მაგრამ სწორედ ამ მომენტში მოევლინა ლიზა – ერთადერთი ქალი, რომელსაც მისი ცხოვრებისაკენ მობრუნება შეეძლო და მოაბრუნა კიდეც. სიმართლე გითხრათ, ასეთი კმაყოფილებით ალბათ არასოდეს დამისრულებია სეზონი და დავლოდებივარ ახალს.

მეშვიდე სეზონის განმავლობაში ბევრი მაყურებლისაგან მესმოდა: “შეყვარებული ჰაუსი აღარ შეეფერება სერიალს”, “ადრე უფრო ექსცენტრიული იყო”, “ბედნიერი ჰაუსი რაღაც ვეღარაა ისეთი” და ა.შ. რაღა დაგიმალოთ და ასეთი ხანგრძლივი ნაცნობობის შემდეგ გრეგს უკვე რეალურ და ახლობელ ადამიანად აღვიქვამდი და თავადვე გამაოცა იმ ფაქტმა, რომ მსგავსი კომენტარები მაღიზიანებდა :) . ჩემი აზრით კი შეყვარებული ჰაუსი სწორედაც რომ ძალიან კარგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არც ახლა აკლდა თავხედობა და უტაქტობა, ექსცენტრიული გამოხტომები და ურთულესი თავსატეხები, გვერდით ლიზა ჰყავდა, რომელსაც აგრეთვე დაუზარლად უშლიდა ნერვებს, თუმცა, აგრეთვე უზომოდ უყვარდა. მაყურებლებისა არ მიკვირს, რადგან თავად ჰაუსმა რამდენჯერმე ლამის უმიზეზოდ თქვა უარი ლიზაზე, რადგან თითქმის დავიწყებული ჰქონდა, რომ ისიც შეიძლებოდა, ბედნიერი ყოფილიყო და ვინმეს ჰყვარებოდა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვეული ამპლუიდან არ ამოვარდნილიყო და საბოლოოდ ეს ურთიერთობაც კრახით დაასრულა. არ ვიცი, ეს რატომ მოხდა: ლიზას როლის შემსრულებელთან დადებულ კონტრაქტს გაუვიდა ვადა თუ თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, რომ მიუხედავად მეშვიდე სეზონის ფრიად ეფექტური და არაპროგნოზირებადი დასასრულისა, გული საშინლად დამწყდა.

ახლა მერვე სეზონს ვუყურებ. ჰაუსს ახალი გუნდი ჰყავს, ძველებიდან მხოლოდ ექიმი ჩეიზი შემორჩა, მეორე ყოფილი გუნდელი კი ახლა მისი უფროსია. ლიზას სახელი ექიმმა უილსონმა მხოლოდ ერთხელ ახსენა, როცა ჰაუსის ახალ შეფს აუხსნა, თუ რატომ არ შეეძლო ჯიუტი ხელქვეითის მორჯულება. ჰაუსი ძველებურად ხსნის თავსატეხებს, სიცოცხლეს უმწარებს თანამშრომლებს, ფიქტიურად დაქორწინდა უკრაინელ არალეგალ ემიგრანტზე, მოცალეობის ჟამს ფორტეპიანოზე უკრავს და თავისი გუნდის წევრების ფარული აზრების ამოცნობით ერთობა. ამის მიუხედავად, პირადად მე საშინლად მაკლია ლიზა და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, მას არ ენატრებოდეს.

ალბათ სწორედ ამის გამოა, რომ როდესაც გავიგე, რომ სერიალი მაისში მთავრდება, ერთის მხრივ გული დამწყდა, მაგრამ მესიამოვნა კიდეც. მე მგონი, სჯობს მანამდე დამთავრდეს, სანამ ექიმი ჰაუსი ერთგულ მაყურებლებს ჯერ კიდევ უყვართ. სულ ცოტაღა დარჩა იმის გარკვევამდე, თუ რა ელის მთავარ გმირს – სრული მარტოობა თუ რაიმე სხვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მის უახლოეს მეგობარს, ექიმ უილსონს კიბო აქვს.

მოკლედ, ასეა, კიდევ რამდენიმე ეპიზოდიც და ლეგენდა მთავრდება. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ამ სერიალს ვუყურებ, მინდოდა პოსტის დაწერა. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ გრეგორი ჰაუსი არ არის რიგითი პერსონაჟი, არამედ უაღრესად საინტერესო და მრავალმხრივი გმირია, რომლის შექმნაშიც, რასაკვირველია, განსაკუთრებული წვლილი მისი როლის შემსრულებელს – ჰიუ ლორის მიუძღვის. ეს უაღრესად ნიჭიერი ადამიანი კიდევ ბევრ სფეროში მოსინჯავს თავს და წარმატებასაც მიაღწევს, მაგრამ ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც, ყოველთვის ერთადერთ და შეუცვლელ ჰაუსად დარჩება.

პოსტის ბოლოს კი დავძენ, რომ ნელ – ნელა თავიდან მოვყევი სერიალს, განტვირთვის მიზნით კვირაში ორ-სამ ეპიზოდს ვუყურებ და წინასწარ ვიცი, სადაც დავასრულებ: სადღაც მეშვიდე სეზონის შუაში – გრეგს და ლიზას ერთად დავტოვებ, სანამ ყველაფერი ისევ აიწეწება.

და ისიც ვიცი, რომ მეტ სერიალს, უბრალოდ, აღარ ვუყურებ.

Posted in სხვადასხვა, Uncategorized | Tagged , | 36 Comments

ოლიმპოელები, ვენური შნიცელი და გუსტავ კლიმტი

ამ დილით ჯერ კიდევ ძილ-ღვიძილში მყოფი მივხვდი, რომ საკუთარ ლოგინში მეძინა და არა ვენის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში. ამ სასიამოვნო აღმოჩენით კმაყოფილი ალბათ გადავბრუნდებოდი მეორე გვერდზე და ძილს გავაგრძელებდი, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების ყოვლად აღმაშფოთებელი ჩვევა, დაჟინებით რეკონ სკაიპში, სანამ არ ვუპასუხებ. საბოლოოდ კი გამოვიდა, რომ ფრიად გამოუძინებელი და გაბრუებული ავდექი. მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მონატრებულ ხალხს წავექაქანე და ბარგი აგერ, ახლახან ამოვალაგე. ჰოდა, ასე თუ ისე, უკვე დამშვიდებული სინდისით დავჯექ წერად საწერისა, ფონს ცხელი ყავის ფინჯანი და სარეცხი მანქანის ზუზუნი ქმნის.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მთელი კვირის ამბების მოყოლას ვაპირებ. შესაბამისად, პოსტიც, ალბათ, გრძელი და მოსაწყენი გამომივა.

მოკლედ, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ “კლასგარეშე” აქტივობაში მონაწილეობა მივიღე და ექვსთვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ მე და ჩემმა ხუთმა კურსელმა ჩემოდნები ჩავალაგეთ და ვენისკენ ავიღეთ გეზი საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად და უნივერსიტეტის ღირსების დასაცავად.

კონსტანცელი კონსტანსი

სასტუმრო, სადაც უნივერსიტეტმა სულგრძელად დაგვაბინავა, შუა საუკუნეების შენობას ჰგავდა ფართო შესასვლელით, მოხვეული კიბეებითა და მაღალი ჭერით, ლიფტიც კი რაღაცნაირი რეტრო სტილის დაგხვდა. ჩვენი ნომერი მესამე სართულზე იყო, ნომერში კი გველოდა ძალიან კარგი შხაპის კაბინა და ყოვლად გამოუსადეგარი ვაი-ფაი. პირადად მე კი ერთი კვირა ვიცხოვრე გერმანელ “რუმმეითთან”, ერთობ გადასარევ და შესანიშნავ ახალგაზრდა ფროილაინ კონსტანსთან კონსტანციდან.

ფროილაინ კონსტანსი იმითაა ყოვლად შესანიშნავი, რომ უაღრესად ჭკვიანი, გერმანულად პუნქტუალური, პასუხისმგებლობის გრძნობითა და დამოუკიდებლობით აღჭურვილი ახალგაზრდა ქალბატონია. იგი დაახლოებით ხუთი წლის წინ წამოვიდა სახლიდან, სწავლა გააგრძელა უცხო ქვეყანაში, აიღო ბაკალავრის დიპლომი, ახლა მაგისტრის ხარისხს უმიზნებს და სამომავლოდ შეერთებული შტატებისკენ გეგმავს გეზის აღებას. მისი ქულები ყოველთვის შთამბეჭდავია, არის მკაცრი რეჟიმის მოყვარული, ვეგეტარიანელია, იკვებება ჯანსაღი ცხოვრების ყველა წესის დაცვით, თევზივით ცურავს, ყოველდღიურად ვარჯიშობს და სერფინგით სრიალებს.

დამერწმუნებით ალბათ, რომ ცოტა არ იყოს, შეგშურდება ადამიანს, როდესაც ყოველ დილით უყურებ, როგორ ფხიზლდება შენი რუმმეითი გამამხნევებელი ვარჯიშის მეშვეობით ლოგინშივე, შემდეგ რამდენიმე აზიდვას აკეთებს იატაკზე, სპორტულებს იცვამს და სარბენად მიდის. ამის შემდეგ კი მთელი დღის განმავლობაში ენერგიულია, ფანჯარას სულ ღიას ტოვებს, რომ ოთახში სუფთა ჰაერი შემოუშვას, მაგრამ უბედურება ისაა, რომ თვითონ კაჟივითაა, შენ კი რამდენიმე დღეში აღმოაჩენ, რომ თურმე გაცივებულხარ. ჩანთაში სულ უდევს ბუტერბროდი, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც მუდმივად ფორმაშია და შესაბამის სიტუაციაში აღმოაჩენ, რომ სპორტული სტილის გარდა თურმე კაბა და მაღალი ქუსლებიც ძალიან უხდება.

მთელი ზემოთჩამოთვლილი ღირსებების მიუხედავად, კონსტანსი დღემდე დაუწყვილებლად დაიარება. როგორც შემდეგ თვითონვე თქვა, მასზე დედამაც კი ჩაიქნია ხელი, რადგან არსად ეგულება ასეთივე სპორტული ცხოვრების წესის მოყვარული, განათლებული ყმაწვილი, რომელიც მისი ქალიშვილისნაირ “გერლფრენდს” აიტანდა.

მოკლედ, ოთახის მეზობლის მხრივ ამ ერთი კვირის განმავლობაში ყველაფერი კარგზე უკეთ იყო.

ვენა

საყვარელი, კომპაქტური და კოხტა ჰოლანდიის შემდეგ ვენაში ორი რამ მეცა თვალში: უზარმაზარი, ბერძნულ-რომაული სტილის შენობები და ინგლისურის მასიური არცოდნა. პირველმა აღმაფრთოვანა, მეორემ – ცოტა არ იყოს, გამაოცა.

ვენის პარლამენტის შენობის წინ ათენას უზარმაზარი ქანდაკება დგას, შესასვლელისკენ მიმავალ გზაზე კი კეისარი, ტაციტუსი, ტიტუს ლივიუსი, ჰეროდოტე და ძმანი მათნი მოკალათებულან. შენობა წაუბერძნულებს, მაღალკოლონებიანი შესასვლელი აქვს, მოხატული ჭერი და ლავგარდანებზე ქანდაკებებია ჩამწკრივებული. ათენამ ჩემი პირდაპირი მნიშვნელობით ბნელი ბავშვობა გამახსენა, მითოლოგიას რომ ვუკირკიტებდი და იდეალებს ფილმის გმირების ნაცვლად ოლიმპოზე ვეძებდი. როგორც ჩემმა ჩინელმა კურსელმა აღნიშნა, გოგოებს უფრო აფროდიტე უყვართ, მაგრამ ათენას რომ ავხედე, ასე მეგონა, ძველ ნაცნობს შევხვდი. დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც ფიდიასის ცნობილი ქანდაკება წარმომედგინა მაშინ, პატარაობაში.

პარლამენტის შენობის გარდა ქალაქში კიდევ უამრავი ძველი და ლამაზი შენობაა, მათ შორის ქალაქის რატუშა, ჰაბსბურგების ცნობილი სასახლე(ებ)ი, წმ. სტეფანის კათედრალი და “ვოტივკირხე” (იმედია, სწორად გამოვთქვამ). სამწუხაროდ, უკანასკნელი ორი მათგანი შეფუთული დამხვდა, როგორც ჩანს, რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ვენის უნივერსიტეტი და ოპერა. სამწუხაროდ, იურიდიული ფაკულტეტის შენობა არცთუ შთამბეჭდავია, ხოლო ოპერა ერთ-ერთი ის შენობათაგანია, რომლის დათვალიერება შიგნიდანაც მოვახერხე. კარგი იქნებოდა, იქ შტრაუსის ან მოცარტის მოსასმენად წავსულიყავი და არა იურისტი ბიძიების პრეზენტაციებისათვის ტაშის დასაკრავად. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ეს პრეზენტაციები არცთუ მოსაბეზრებელი იყო, განსაკუთრებით კი ერთი პროფესორისა, რომელიც გიტარაზე ბლუზმენივით უკრავდა და მღეროდა.

ბოლო დღეს, წამოსვლის წინ, საშინლად მოჟამული ამინდი იყო, მაგრამ სასტუმროში ჯდომას მაინც გასეირნება ვარჩიე. ჰოდა, იმდენი მოვახერხე, რომ მხარი მექცა და დავიკარგე. ორსაათიანი ხეტიალის შემდეგ ცოტა არ იყოს, ხასიათი გამიფუჭდა, მაგრამ არ ვიცი, ეს დაღლილობის ბრალი იყო თუ იმის, რომ ძალიან უჟმურ ადგილას მოვხვდი, სადაც უბრალო სახლები ერთმანეთზე იყო მიწყობილი, ქუჩები ვიწრო, ხოლო აქა-იქ თურქულ-ჩინური ჯიხურები აჭყეტავდა. ალბათ ეს ყველა დიდი ქალაქის სენია – მუზეუმივით ცენტრი და ყოვლად უსახური პერიფერიები. საბედნიეროდ, აღარ მომიწია ტაქსში ჩაჯდომა, რაღაცნაირად გავაგენი ცენტრისკენ და ბოლო, რასაც თვალი შევავლე, იყო კვლავ უნივერსიტეტის მოხატული კედლები და შადრევანზე ამაყად გადმომდგარი ათენა.

სამზარეულო

როდესაც უცხო ქვეყანაში მიდიხარ, დიეტა უნდა დაივიწყო და გასინჯო ის, რაც მართლა ადგილობრივია, ტრადიციული და ცნობილი. პირადად მე სამი ასეთი რამ მეგულება ვენაში – გულიაში, ვენური შნიცელი და “სახერ-ტორტი”. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გულიაში პირველი კერძია, რომელსაც ბოლო რვა თვის განმავლობაში გემო ჩავატანე, რადგან ჰოლანდიაში სანელებლებს მაინცდამაინც არ სწყალობენ და ჩემი მეგრულ სამზარეულოს მიჩვეული რეცეპტორებისთვის ყველაფერი საშინლად უგემურია. გულიაშის პირველმა კოვზმა კი დედაჩემის მომზადებული სადილი გამახსენა, ბევრი მწვანილით, გემოვნებით შერჩეული სანელებლებითა და სურნელოვანი, მადისმომგვრელი ორთქლით.

ვენური შნიცელით მაინცდამაინც ვერ აღვფრთოვანდი, რადგან გავბრიყვდი და ხბოსი შევუკვეთე. ხბოს ხორცი კი, ცოტა არ იყოს და მშრალია. სამწუხაროდ, მართლა მომიწია ქამრის მოჭერა, რადგან შემეშინდა, რომ ოფიციალური სადილისთვის გამზადებული კაბა შეიძლებოდა, აღარ მომრგებოდა, ამიტომაც, ჩემთვის გამზადებული ღორის შნიცელი დღესაც მელოდება სადღაც, ვენაში.

ჭეშმარიტად ვენური

და ბოლოს, უგემრიელესი “სახერ-ტორტი”, რომელიც შოკოლადის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ. ერთი შეხედვით, თითქოს განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ, ნამდვილი, ოდნავ მწარე შოკოლადის მინანქარი და ასეთივე ბისკვიტი, მაგრამ ამ შავ შედევრს უმეტესწილად გვერდს თეთრი კრემი უმშვენებს, თავზე კი შოკოლადის მრგვალი ფილა ადევს. ჩემი რჩევა იქნება, რაც არ უნდა მკაცრ დიეტაზე იყოთ, სახერ-ტორტი გაუსინჯავი არ დატოვოთ და ბოლოს ესპრესოც დააყოლეთ. ვენაში ყავის ფასი კარგად იციან, კარგად ამზადებენ და თან აუცილებლად მოაქვთ ჭიქით წყალი. ასე რომ, პირველად დავაგემოვნე ნამდვილი ესპრესო ყველა წესის დაცვით – ყავა, წყალი, ისევ ყავა, ისევ წყალი. ასე ყოველ ჯერზე ხელახლა შეიძლება შეიგრძნო ნამდვილი ყავის არომატი.

ალბერტინა

“ალბერტინა” საგამოფენო დარბაზია, სადაც წამოსვლის დღეს ვიყავი, გამოფენაზე კი ბევრი რამ ვნახე: იმპრესიონისტები, კუბისტები და კიდევ ბევრი მიმდინარეობის პატივცემული წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგი მომეწონა, ზოგი არა. მხატვრობაში დიდ გათვითცნობიერებას ვერ დავიბრალებ, მაგრამ რიგითი მნახველის პოზიციიდან ორი სიტყვა ნამდვილად მაქვს სათქმელი. ამ ორიდან ერთი სიტყვა გუსტავ კლიმტს ეკუთვნის, მეორე – ედვარდ მუნკს.

კლიმტს გასაგები მიზეზების გამო გამოფენის ყველაზე დიდი ტერიტორია ეთმობოდა, გამოფენილებიდან უმეტესობა კი დაუსრულებელი ნახატი ან ესკიზები იყო. მიუხედავად ამისა, ხელწერა მაშინვე ვიცანი (ინფორმაციისთვის, ოთახში მისი ცნობილი “კოცნის” დიდი რეპროდუქცია მიკიდია). კლიმტის ტექნიკის შესახებ გამოფენის კედლებზე განთავსებული ინფორმაციით თავს არ შეგაწყენთ. პირადად მე ყველაზე მეტად იმან გამაოცა, როგორ ახერხებდა მხატვარი ფანქრის ორი მოსმით ისეთი ეროტიკული შტრიხების შემოტანას, რომელთა ნატურალიზმი, სითამამე და გამომსახველობა ნებისმიერ ნიუს ფოტოგრაფს ან მხატვარს შეშურდებოდა.

რაც შეეხება მუნკს, ის ჯერჯერობით ერთადერთი მხატვარია, რომელსაც ჩემნაირ სქელკანიანთანაც კი მოაქვს ემოცია და სათქმელი. მის ნამუშევრებზე სახეებს რაღაც გაურკვეველი ემოციები აღბეჭდვიათ, რომელიც პირადად მე ძრწოლას მგვრის. განსაკუთრებით “წითური მწვანეთვალება ქალი”. არ ვიცი, ვის მოსწონს ასეთები, მაგრამ მე ალბათ ყველა მათგანის დანახვაზე უკვე ეს ქალი გამახსენდება.

“ალბერტინაში” გასეირნების შემდეგ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა გავაკეთე: ყველაზე მეტად მაინც აღორძინების ხანის მხატვრობა მომწონს. გამოფენის მეორე ნაწილში, სადაც სამეფო ოჯახის საცხოვრებელი ოთახები იყო აღდგენილი, რაფაელის, მიქელანჯელოსა და დიურერის ნამუშევრები დამხვდა და ჩემდა გასახარად, თითოეული მათგანი ვიცანი. ყველაზე მეტად კი დიურერის ცნობილი “მლოცველის ხელების” ნახვა მესიამოვნა, რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა.

და ბოლოს

ვენური ოდისეის ბოლო დასამახსოვრებელი შტრიხი კი იყო მთვარიან ღამეში ღრუბლების თავზე ფრენა ვენიდან როტერდამის მიმართულებით. ასეთი ლამაზი ხედი თვითმფრინავიდან ჯერ არ მინახავს (სამწუხაროდ, გადაღება ვერ მოვახერხე) და სწორედ ამის გამო მთელი საათნახევრის განმავლობაში ცხვირი ილუმინატორზე მქონდა მიჭყლეტილი და ბოლოს ასევე ჩამეძინა.

ეს კვირა მოსაწყენად ნამდვილად არ მეცალა, მაგრამ სწორედ იქ, ღრუბლებს ზემოთ აღმოვაჩინე, თუ როგორ ძალიან მიხაროდა ჰოლანდიაში დაბრუნება, რომელიც უკვე ჩემი მეორე სახლია. აქ მელოდებოდა ჩემი ოთახი, ველოსიპედი, ნორმალური ინტერნეტი და დილის ძილი, რომელიც ასე უგულოდ დამიფრთხეს პოსტის დასაწყისში.

Posted in Uncategorized | Tagged , , , , , , | 22 Comments

ჩემი გზამკვლევი ზღვაში და ხმელეთზე

ეს საოცარი წიგნი სექტემბერში ჩამივარდა ხელში და მაშინვე მივხვდი, რომ კარგა ხანს ვერ გავაგდებდი ხელიდან;

იშვიათად შემხვედრია ასეთი მრავლისმომცველი რამ. არც კი ვიცი, მერამდენე გამოცემაა, რომელიც ახლა მე მაქვს და აქტუალურობას ისევ არ კარგავს;

ამ წიგნის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდები უდიდესი გემებით, ისეთებით, მათთან მფრინავი ჰოლანდიელი და ტიტანიკი უბადრუკ მიბაძვად რომ გამოიყურება;

შენს თვალწინ ბზინავს უამრავი და უგრძესი რელსი, მთელ მსოფლიოს რომ ქსელავს და შენ იცი, სად, როგორ და როდის მოძრაობს თითოეული მატარებელი, ვინ და როდის გადაჰყავს; იცი, რა ხდება თითოეულ ვაგონში;

ამ წიგნის კითხვისას უამრავი ინტრიგის მოწმე ხდები, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე შეიძლება გადააწყდე: სახლში, სასამართლოში, ადვოკატის ოფისში, პორტის დოკებზე, გემის ტრიუმში თუ შუაგულ ოკეანეში;

აუცილებლად დაფიქრდები, თუ რა მძიმე ტვირთი აწევს მხრებზე თითოეულ მოსამართლეს, რომელიც თავის წილ გორდიასის კვანძს
უტრიალებს და არ იცის, რომელი კანონი გამოიყენოს მაკედონელის ბასრი ხმალივით;

აუცილებლად მოისურვებ, იყო სიმართლის სადარაჯოზე მდგარი, საკუთარი იდეალების ერთგული პიროვნება, რომელიც აუცილებლად დაიცავს მოტყუებულ მხარეს, იპოვის რა იმ პატარა ხელჩასაჭიდს, რომელიც მთელი საქმის გასაღები შეიძლება აღმოჩნდეს;

შეისწავლი ისტორიას, რადგან შეუძლებელია, ამის აუცილებლობას ვერ ჩახვდე;
თვალებდაჭყეტილი და დაძაბული მოუსმენ ჭაღარა მთხრობელს, თავის გამოცდილებას რომ გიზიარებს და ინატრებ, რომ ოდესმე შენც იცოდე ამდენი;

ბევრ საკითხზე დაფიქრდები და იგრძნობ, რამხელა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს შენს შორმსჭვრეტელობასა და ანალიზის უნარს;

ბევრ, ბევრ ღამეს გაათენებ, რადგან ამ წიგნის ერთხელ წაკითხვა არ კმარა; ერთხელაც, გადამწყვეტი დღე დადგება და მაშინ მიხვდები, რომ სჯობდა, კიდევ ერთხელ წაგეკითხა…

ვინც ჩემს ბლოგს ასე თუ ისე, თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება, რომ ლიტერატურაზეც ვწერდი ხანდახან. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ეს ის სფეროა, რომელიც მიყვარს და ვცდილობ, ასე თუ ისე, ავითვისო.
შარშან იღბალმა აქეთ გადმომისროლა და მხატვრული ლიტერატურის მაგიერ საქონლის ექსპორტისა და გადაზიდვის სახელმძღვანელოები შემომაჩეჩა ხელში.
დიახ, დიახ, ზემოთაღწერილი ემოცია სახელმძღვანელოთია გამოწვეული, “ექსპორტ თრეიდ” რომ ეწოდება და ფამილარულად შმიტჰოფად მოიხსენიებენ.
ასე აგდებულადაც ნუ შეხედავთ ჩემს სახელმძღვანელოებს. შმიტჰოფთან ერთად გათენებული ღამეები, დაღვრილი ცრემლი და გამოსავლის ძიებაში დახარჯული ძალისხმევა ნებისმიერ ლიტერატურულ შედევრს შეშურდებოდა.
მართალია, ეს სახელმძღვანელო ერთადერთი არ ყოფილა, მაგრამ ეჭვი მაქვს, მისი შთაბეჭდილებებიდან კიდევ კარგა ხანს ვერ გამოვალ – როგორც ვიზუალური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით.

ახლა იკითხავთ, ვინ ჭკუათმყოფელი ადამიანი უძღვნის ოდას სახელმძვანელოსო! მართალიც იქნებით, უბრალოდ, დღეს ჩემი პირველი და ყველაზე მძიმე თვეები გამახსენდა აქ და აშკარად ვიგრძენი, როგორ უკეთ ვარ;
ახლა ჩემს დაზვინულ მაგიდას ვზომავ მუშტრის თვალით და მიხარია, რომ საქმე ნელ-ნელა, მაგრამ მაინც მიდის წინ და იმედია, კარგი დასასრულისკენ!

Posted in სხვადასხვა | Tagged , | 22 Comments

დეკანის ბრძანებაზედ

გუშინ, როცა მეგობარმა მომწერა, შენს დეკანს ეს რა უქნიაო, ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, ვინმე უკმაყოფილო სტუდენტს გადაეყარა-მეთქი, მაგრამ დღეს, როდესაც, როგორც ფბ-საზოგადოებას სჩვევია, კედელი აჭრელებული დამხვდა დეკანის ბრძანების დასკანერებული ვარიანტითა და კომენტარებში ფაშისტებისა და ნაცისტების ლანძღვით, როცა ორი ფიცხელი ბრძოლა გადავიხადე – ერთ მეგობართან და მეორე ფბ-მეგობართან, გადავწყვიტე, სანამ ცხელია, აქაც დავპოსტო.
ბრძანება ასე გამოიყურება:
უპირველეს ყოვლისა, მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ ვინც ამ პიროვნებას იცნობს, ყველა დამეთანხმება, რომ მას დილეტანტს და გაუნათლებელს ვერავინ უწოდებს, ხოლო ესოდენ მოდური “ფაშიზმისა” და “ნაციზმის” მასთან დაკავშირებით ხსენება სრული სისულელეა.

პირადად მე ვერავინ დამაბრალებს რუსოფობიას. ბევრი ჩემი თანატოლისაგან განსხვავებით, ასე თუ ისე, ენაც ვიცი და რუსულ ლიტერატურაში არცთუ ცუდად ვერკვევი; რუსული ენის საჭიროების თაობაზე კი კამათიც ბევრჯერ მომსვლია და ჩემი არგუმენტები ყოველთვის რუსულის სასარგებლოდ იყო მიმართული; მაგრამ როდესაც საქმე იურიდიულ ლიტერატურას ეხება, ასეთ შეზღუდვაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ! უფრო მეტიც, სრულიად გამართლებულად მიმაჩნია.

დავიწყოთ იმით, რომ იურიდიულ ფაკულტეტებზე რუსებს ჩვენზე გაცილებით უარესად აქვთ საქმე. ეს აქ ჩამოსული სტუდენტების მაგალითზეც დავინახე, რომლებიც საუკეთესოებად ითვლებოდნენ მოსკოვის სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. გარდა ამისა, რუსული იურიდიული ლიტერატურა დიდი ღირებულებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და თუ რაიმე დაიკვეხნის, ისიც უმეტესად, სისხლის სამართლის სახელმძღვანელოები (სისხლის სამართლის სპეციალისტებისათვის კარგად ნაცნობი გუცენკო და პეტრუხინი, მაგალითად). რაც შეეხება ნაშრომებს, მგონი, ვერავინ მომედავება, რომ თუკი რაიმე ღირებულის დაწერაა საჭირო, მხოლოდ რუსული წყაროებით შორს ვერ წავალთ.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ადამიანი გალანძღავს თსუ-ს ადმინისტრაციული პრობლემების გამო, მეეჭვება, ვინმე მომედავოს იმაში, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დონე წლიდან წლამდე იწევს მაღლა, განსაკუთრებით, თუკი საქმე ბაკალავრიატს ეხება. მე ბაკალავრიატი უკვე წლებია, დავამთავრე, მაგრამ იქ ჩემი მეგობრები მუშაობენ და სწავლობენ და შედარების გაკეთება ნამდვილად შემიძლია. ხოლო ხალხი, ვინც დეკანს ლანძღავს დილეტანტური მიდგომისთვის, ბრძანებას ფაშისტურს უწოდებს და ა.შ. უბრალოდ, ჩახედული არაა საკითხში. ცნობისათვის, ეს ბრძანება მხოლოდ იურიდიულ ფაკულტეტს ეხება და არავის უხსენებია პავლოვი და მენდელეევი, როგორც ეს ალბათ, ბევრს ჰგონია. იურიდიულ სფეროში კი რუსული ლიტერატურა ნამდვილად არ არის ისეთი ღირებული, როგორიც ბიოლოგიასა ან ტექნიკურ დარგებში.

ბრძანებაში საუბარია სამაგისტრო ნაშრომებზე, დისერტაციებზე და სამეცნიერო სტატიებზე. თითოეული მათგანი უკვე სერიოზული განაცხადია სამეცნიერო სფეროსთვის და დაინტერესება საიმისოდ, რომ მათი დონე ასე თუ ისე ამაღლდეს, მგონი, სავსებით გასაგებია. მით უმეტეს, რომ ქართულენოვანი იურიდიული ლიტერატურის დეფიციტი საკმაოდ შესამჩნევია უკვე და მსგავი ტენდენცია მხოლოდ სასიკეთოდ თუ წაადგება იმას, ვინც უცხო ენა საერთოდ არ იცის და შესაბამისად, უცხოენოვანი ლიტერატურის წაკითხვა არ შეუძლია. ხოლო თუკი ვინმეს გაუკვირდება, რომ თურმე სამეცნიერო ნაშრომის დაწერა უცხო ენის ცოდნის გარეშე არ გამოდის, ერთი კითხვა მექნება: და თქვენ ეს აქამდე არ იცოდით???

შესაძლოა, ხანდახან ანტირუსული პროპაგანდა მართლაც არაჯანსაღ კონტურებს იძენს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა რუსული ლიტერატურის შეზღუდვით ნამდვილად არაფერი შავდება, უფრო მეტიც, სასარგებლოც კია. გაითვალისწინეთ, რომ ეს ბრძანება გამოსცა ადამიანმა, რომელიც უკვე წლებია, თვალს ადევნებს იურიდიულ ფაკულტეტზე მიმდინარე მოვლენებს და რადგან ეს ბრძანება დაწერა ე.ი. მისი საჭიროებაც დადგა. მავანმა ირონიულად იკითხა, მესამე ბრძანებაა და პირველი და მეორე ნეტავ რაზეაო. ასეთების საყურადღებოდ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ბრძანებები მოცალეობის ჟამს არ უნდა იწერებოდეს და თუკი იწერება, ცოტა და ასეთი – კონკრეტული მიზნით.

თსუ-ს პრობლემები ნამდვილად ბევრი აქვს და ერთ-ერთი მათგანი სწორედ სწავლის დონის ამაღლების საჭიროებაა. სამწუხაროა, თუკი დღემდე გრძელდება საჯარო ბიბლიოთეკებში ოც ლარად ნაყიდი საკურსოებისა და გაურკვეველი წარმოშობის სტატიების კომპილაციების ტენდენცია. ვისაც მართლაც რაიმე ღირებულის დაწერა სურს, ეს ბრძანება ნამდვილად არ შეუქმნის პრობლემას; ხოლო თუკი ვინმეს ტერმინი “მეხუთედი” არ მოსწონს, იქნებ უკეთესი ვარიანტიც შემოგვთავაზოს.

უბრალოდ, მართლა გულწრფელად მწყინს, რომ დღეს არსებული არაჯანსაღი ფონის გამო დაუმსახურებლად ილანძღება ადამიანი, ვისაც გაცილებით მეტი მოეკითხება, ვიდრე მთელ იმ შემადგენლობას, ეს ბრძანება მენდელეევის პერიოდული სისტემის აკრძალვის ექვივალენტური რომ ჰგონია.

ჩემი პასუხი ამ საკითხზე ერთია: მოდით, ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ. ბევრისგან განსხვავებით, ირაკლი ბურდული სწორედაც რომ საკუთარ საქმეს აკეთებს და თავს უფლებას მივცემ, აღვნიშნო, რომ არცთუ ცუდად!

Posted in მოვლენები ჩემი თვალით | Tagged , , , , , , | 10 Comments